ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სხვა საფუძვლები
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სხვა საფუძვლები

ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე მიიჩნევა ბათილად:

ა ) დებულება, რომელიც ითვალისწინებს ფასის მომატებას გაუმართლებლად მოკლე ვადებში (ფასების მოკლევადიანი მომატება);

ბ ) დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება:

შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის თანახმად აქვს,

ან

ხელშეკრულების მხარის უფლება, უარი თქვას შესრულებაზე, ვიდრე მეორე მხარეს არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება (შესრულებაზე უარის თქმის უფლება);

გ ) დებულება, რომლითაც ხელშეკრულების მხარეს ერთმევა უფლება, გაქვითოს უდავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა (ურთიერთმოთხოვნათა ჩათვლის აკრძალვა);

დ ) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი თავისუფლდება კანონით გათვალისწინებული იმ მოვალეობისაგან, რომ ხელშეკრულების მხარე გააფრთხილოს ან დაუნიშნოს მას ვადა ვალდებულების შესასრულებლად (გაფრთხილება ვალდებულების შესრულების შესახებ; ვადის დანიშვნა);

ე ) შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა);

ვ ) დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს პასუხისმგებლობას იმ ზიანისათვის, რაც გამოწვეულია შემთავაზებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ვალდებულების დარღვევის გამო (პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობის გამო);

ზ ) დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევისას:

ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე,

ან

ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან „ვ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების შესრულების დარღვევა);

თ ) დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევებში ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა ინტერესი ნაწილობრივი შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას);

ი ) დებულებები, რომლებიც, კანონით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებით, ზღუდავენ ახალწარმოებული საქონლის მიწოდებისა და სამუშაოების შესრულებისას შემთავაზებლის პასუხისმგებლობას ნივთის ნაკლის გამო.

სერვისები