გადაზიდვა-გადატანა, ხელშეკრულება
გადაზიდვა-გადატანა, ხელშეკრულება

 გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა

გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.

ზედნადების შედგენის წესი
1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.


ზედნადების რეკვიზიტები
1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გაცემის დღესა და ადგილს; ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს; გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს; დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; ე) მიმღების სახელსა და მისამართს; ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას; ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე); კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს; ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას; დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა; ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
 

გამგზავნის პასუხისმგებლობა
1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი: ა) 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები; ბ) 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები; გ) ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად ან მასში შესატანად. 2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით მოქმედებდა. 3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს წარმოეშობა ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამო.

გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

1. გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამგვარადვე უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისთვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა.
3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.

გადაზიდვის ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია
1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს. მუხლი 678. გამგზავნის პასუხისმგებლობა ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.

გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია.
2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.
3. გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.

 

 გამგზავნის უფლებები
1. გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.
2. ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით. ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.
3. მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ გამგზავნმა ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.
4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.
5. განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვით: ა) გამგზავნმა ან – ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას თავისი განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა; ბ) მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ეს მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, და არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს; გ) მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.
6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები გასცა.
7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი ზიანისათვის.

 

 

სერვისები