ცნება.შინაარსი
1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.
2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს წერილობით მოთხოვნებს.
3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები.
5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და საჭირო ფაქტების დადგენაში.
გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება: ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი გამოგზავნის დღიდან; ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს; გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება
ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის კვლავ გრძელდება. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც მათ ეყრდნობა. სხვა რეკლამაციები, რომლებიც იმავე საგანს ეხებიან, ვერ შეაჩერებენ ხანდაზმულობის ვადის დენას.