დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა
ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.
ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ვადა
1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე.
2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე.
საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა, თუ ეს არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.