საოჯახი სამართალი, ქორწინების შეწყვეტა
საოჯახი სამართალი, ქორწინების შეწყვეტა

  ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები

ქორწინება წყდება: ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ) განქორწინებით.

ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად

1. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების თარიღიდან.

2. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარდაცვალების ზუსტი თარიღის მითითების არარსებობის შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

განქორწინების დაუშვებლობა

1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

2. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

 

 განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ
1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
5. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

 

გადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ
1. როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

 

გადაწყვეტილების მიღება

მეუღლის რჩენის თაობაზე იმ მეუღლის თხოვნით, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სარჩო მეორე მეუღლისაგან, სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად, განსაზღვროს იმ სახსრების ოდენობა, რაც უნდა გადახდეს მეორე მეუღლეს.

 

გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე
1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
2. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

 

 ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ აღიარებული მეუღლის დაბრუნებისას

1. თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებულნი, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

2. ქორწინება არ შეიძლება აღდგეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე.

სერვისები