საოჯახო სამართალი, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
საოჯახო სამართალი, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

 მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი

თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

 

წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას თუ საერთო ქონების გაყოფისას

ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

 

საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში

თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება, რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

სერვისები