მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.