და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ
შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან.
პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ
პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა
მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.
გერის საალიმენტო მოვალეობა
1. გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.
2. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.
საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.