მეურვისა და მზრუნველის უფლებები
მეურვესა და მზრუნველს უფლება აქვთ სასამართლო წესით მოითხოვონ მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დაბრუნება ყველასაგან, ვინც მათ თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
მეურვეობისა და მზრუნველობის შესრულება უსასყიდლოდ მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.
მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები
1. მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.
2. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
მეურვისა და მზრუნველის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. (ძალადაკარგულია 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში).