ანდერძის ბათილობა 1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. 2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ბათილია. 3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა 1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია. 2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია. 3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.
საანდერძო განკარგულების ბათილობა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის სარჩელით.
ერთ-ერთი საანდერძო განკარგულების ბათილობის შედეგები თუ რამდენიმე საანდერძო განკარგულებიდან ერთ-ერთი ბათილია ან ძალა დაკარგა და მამკვიდრებელს სხვა განკარგულება არ დაუტოვებია, მაშინ სხვა საანდერძო განკარგულებები ძალაში რჩება.
სამკვიდროს მიღება ანდერძის ბათილობის შემთხვევაში ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში მემკვიდრეს, რომელსაც ამ ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა, უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო საერთო საფუძვლებით.
შედავება ანდერძის ნამდვილობაზე ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ.
სარჩელის წარდგენის ვადა 1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. 2. ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა მოანდერძემ მემკვიდრეს არასწორად უანდერძა სხვისი ქონება, როგორც თავისი.