სამკვიდროს მიღება
1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით. 2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
სამკვიდროს მიღება წარმომადგენლის მეშვეობით
სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
სამკვიდროს მიღების ვადა სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, – გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.
სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.