სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა 1. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით. 2. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.
მემკვიდრის უარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე.
რამდენიმე წილის მიღება სამკვიდროდან თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე.
უარი სამკვიდროს ნაწილზე მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.
უარი სხვა პირთა სასარგებლოდ მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ – ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.