1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება ექსტრადირებულ იქნენ სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
3. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.