მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი

  აუცილებელი მოგერიება

1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

2. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

3. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

4. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

დამნაშავის შეპყრობა

1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად.

2. დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან.

სერვისები