სასჯელის მიზანი
1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
3. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასჯელის სახეები
1. სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა; ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №944); ვ 1) შინაპატიმრობა; ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა; ი) ქონების ჩამორთმევა; კ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
2. იურიდიული პირის სასჯელის სახეები განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
ძირითადი და დამატებითი სასჯელები
1. გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად. 21. ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა