თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
2. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ენიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.
3. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
4. ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.