შინაპატიმრობა
1. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
2. შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.
3. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე და ორ წელზე მეტი ვადითაც.
4. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს შინაპატიმრობას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული შინაპატიმრობის ვადით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
6. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.
7. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.