სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის
1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დროს.
სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს
1. დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
2. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.