გამოსაცდელი ვადა
1. ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
2. ამ კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.
მოვალეობის დაკისრება
პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
კონტროლი და დახმარება
1. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო . ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას , ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს .
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ფუნქციას პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელძღვანელობა.
3. გამოსაცდელ ვადაში სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობა ან დააკისროს მას ახალი მოვალეობა.