სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
1. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
2. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
3. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
4. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
5. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5 1. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 144 1−144 3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ.
6. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
7. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების საქართველოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გადმოგზავნისას საქართველოში პროცესის მწარმოებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.