სასჯელისაგან განთავისუფლება
სასჯელისაგან განთავისუფლება

სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში.

3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი სააღსრულებო ბიურო, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.

7. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 3 ​1 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის მოხდისაგან, სასჯელის სახით ფაქტობრივად მოხდილი შინაპატიმრობის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

სერვისები