ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა
ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა

 ამნისტია

1. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.

2. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

3. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

 

შეწყალება

1. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.

2. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

3. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

 

ნასამართლობა

1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

3. ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.

5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.

6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

სერვისები