იურიდიული პირის სასჯელის სახეები
იურიდიული პირის სასჯელის სახეები

1. იურიდიული პირის სასჯელის სახეებია:

ა) ლიკვიდაცია;

ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ) ჯარიმა;

დ) ქონების ჩამორთმევა.

2. ლიკვიდაცია და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

3. ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.

4. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

 

ლიკვიდაცია

1. სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო (გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები გადახდება მსჯავრდებულ იურიდიულ პირს.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ლიკვიდაციას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ახორციელებს (ახორციელებენ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).

3. ლიკვიდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს ან მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

1. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.

2. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება გავრცელდეს საქმიანობაზე, რომლის განხორციელებისას ან რომლის განხორციელებასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი დანაშაული.

 

ჯარიმა

1. იურიდიული პირისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას.

2. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით.

3. თუ იურიდიული პირისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის შენიშვნაში ჯარიმა მითითებულია როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებისას დამატებით სასჯელად ჯარიმა არ გამოიყენება.

ქონების ჩამორთმევა

იურიდიული პირისათვის ქონების ჩამორთმევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნები.

სერვისები