დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ე) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; დ​1) გენდერის ნიშნით; ე) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სერვისები