ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.