გაუპატიურება
1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.