პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება
1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება: ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.