თავისუფლების უკანონო აღკვეთა
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით; ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.