პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

სერვისები