შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა
1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა
1. შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ბავშვის შეცვლა
ბავშვის შეცვლა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება
1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება; ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება
სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.