უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, – ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.