სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება
სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

1. დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული (მარკირებული), აღემატება 5000 ლარს.

სერვისები