1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.