1. პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.