1. „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ არის „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან/და „კანონიერი ქურდისთვის“ საკვების, ტანსაცმლის, პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთის გადაცემა ან პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იმწუთიერი ქმედების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება/საქმიანობის განხორციელება.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.