1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.