დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ - სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა
სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს გარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა
1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.