გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა
გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ - გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა

1. ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა მისი წარმოების, ტრანსპორტირების, განთავსების, შენახვის, ჩამარხვის ან გამოყენების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან დასნებოვნება, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ადამიანთა მასობრივი დაავადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევა

1. მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ეპიდემიის ანდა ეპიზოოტიის გავრცელება ან გარემოსათვის სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები