ტერორიზმი - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით
1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.