ტექნოლოგიური ტერორიზმი
1. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ანდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევა და განვითარება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, ჩადენილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ზემოქმედების ან ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (გარდა ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენებისა), რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
კიბერტერორიზმი
1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.