ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება

1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: 1. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

 

დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება

1. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები