საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის, სამართალწარმოების ანდა სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილის, აღმასრულებლის, დაზარალებულის, მოწმის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის ანდა მისი ახლო ნათესავის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა
ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოსათვის მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.