დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს
1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ:
ა) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა;
ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს;
გ) მომეტებული საშიშროების შემცველ ნაგებობაზე ან დანადგარზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს;
დ) დაუცველ ადგილზე ან დემილიტარიზებულ ზონაზე თავდასხმა;
ე) პირზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ მან შეწყვიტა საომარ მოქმედებაში მონაწილეობა;
ვ) ცეცხლის დროებით შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი კრისტალის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;
ზ) ოკუპანტი ქვეყნის მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა ანდა ოკუპირებული ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ან სამოქალაქო პირების დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;
თ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის უსაფუძვლოდ შეფერხება;
ი) აპარტეიდი ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა არაჰუმანური მოქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას;
კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე, ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიმართული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ან არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე დაჭრილთა, ავადმყოფთა, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, სანიტარიული ნაწილების, სანიტარიული სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის, დევნილების, აპატრიდების, საომარი მოქმედებების დროს დაცვით მოსარგებლე სხვა პირების წინააღმდეგ, კერძოდ:
ა) განზრახ მკვლელობა;
ბ) წამება ან სხვა არაჰუმანური მოპყრობა, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩათვლით;
გ) განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ტრამვის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას;
დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;
ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა სამხედრო ტყვისათვის, მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირისათვის;
ვ) დაცვით მოსარგებლე პირის დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ანდა დაპატიმრება;
ზ) მძევლად აყვანა;
თ) თვითნებური და ფართომასშტაბიანი ნგრევა ან ქონების მითვისება, რაც არ იყო გამოწვეული საომარი აუცილებლობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.