ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა
ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა

ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის დებულებანი - ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

2. სამართლებრივ დახმარებად არ ჩაითვლება:

ა) ზემდგომი ან ქვემდგომი ორგანოს რაიმე თხოვნის შესრულება;

ბ) ნებისმიერი მოქმედება, რომლის შესრულების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.

 

სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ:
ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;
ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;
გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს.

 

სერვისები