ინფორმაციის თავისუფლება - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.