სამშენებლო მასალების გადამზიდი კომპანიები უსამართლოდ ჯარიმდებიან 1544 2017.07.19
სამშენებლო მასალების გადამზიდი კომპანიები უსამართლოდ ჯარიმდებიან
ბიზნეს სუბიექტები,რომლებსაც სამშენებლო მასალები კერძოდ,ქვიშა და ქვიშის მსგავსი ინერტული მასალები გადააქვთ ხშირად უსაფუძვლოდ ჯარიმდებიან. ჯარიმის ოდენობა კი უმეტესწილად კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვეულებრისამებრ, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ქვიშის ტრანსპორტირებას ახორციელებს, ხშირად საპატრულო ეკიპაჟი მარნეულის ასევე აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებს ავტომობილს და სპეციალური სასწორით ამოწმებს ტვირთის ძარაზე დატვირთვა ხომ არ აღემატება კანონით დადგენილ ნიშნულს. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ინფორმაციით, სამართალდარღვევის გამოვლენისას სადავო ხდება ,როგორც სასწორის სიზუსტე(რამდენად სწორად წონის სასწორი) და აწონვის მეთოდი(რამდენად სწორად განხორციელდა აწონვა). „ აღნიშნული პრობლემით ხშირად მოგვმართავენ ბიზნეს სუბიექტები. რამდენიმე თვის წინ ერთერთი მათგანი 3000 ლარით დააჯარიმეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტომობილის სპეციალური სასწორით აწონვის დროს, აღმოჩნდა,რომ ტვირთის ძარაზე დატვირთვა კანონით დადგენილ ნიშნულს აღემატებოდა. თავად აწონვის პროცესი მეტად საეჭვოა. წარმოიდგინეთ, როცა ქვიშა- ე.წ მცოცავი ნივთიერება, სტატიკურად ერთ ადგილას ვერ ჩერდება მკვეთრად გამოყენებული მუხრუჭის შემთხვევაში, სასწორი რეალურ მაჩვენებელს ვერ მოგვცემს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ძარაზე დატვირთვის მაჩვენებელი კანონით დადგენილ ნიშნულს აღემატება არ არის სამართლიანი. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქვიშისა და ქვიშის მსგავსი სამშენებლო მასალის გადაზიდვისას მთლიანად ავტომობილის ტევადობა განსაზღვროს და არა ძარაზე დატვირთვის მაჩვენებელი“- აღნიშნა ქეთევან ქავთარაძემ. ადვოკატი ასევე მიიჩნევს ,რომ საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული სატრანსპორტო საშუალების აწონვის შედეგებში ეჭვის შეტანის შემთხვევაში , კანონმდებლობით გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გადამოწმების სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი.მისი თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა უნდა ჰქოდეს მეწარმეს. „დღესდღეობით არცერთ საექსპერტო დაწესებულებას არ აქვს მსგავსი სასწორი, შესაბამისად ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.ვინაიდან ინერტული მასალებით დატვირთული ავტომობილის სასწორით აწონვის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და იქმნება იმის ალბათობა,რომ მძღოლმა მკვეთრად დამუხრუჭა ,ამიტომ გადამოწმება უნდა შეეძლოს მეწარმეს ალტერნატიული სასწორის გამოყენებით.აღსანიშნავია ,ისიც, რომ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს განმეორებით მანქანის სასწორზე შეყენების უფლებას საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელი არ აძლევს, რაც აღღვევს ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს“- განმარტა ქავთარაძემ. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის წარმომადგენლები ფიქრობენ,რომ აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129-ე პრიმა მუხლში ჩასწორება მოხდეს. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში უნდა იყოს დათქმა, იმის შესახებ ,რომ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს შეეძლოს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება. ამასთანავე, კანონში უნდა იყოს მითითებული თუ და რა ხდება მაშინ, როცა ალტერნატიული ექპსერტიზის შედეგებით დასტურდება ბიზნეს სუბიექტის არაბრალეულობა.უქმდება თუ არა სამართალდარღვევის ოქმი და რა რიგი პროცედურების გაავლაა შემდგომ აუცილებელი... აღსანიშნავია ,რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს გაზომვის შედეგების გადამოწმებას პირის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის დროს. ვფიქრობთ, აღნიშნულის მსგავსად შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სატრანსპორტო საშუალების აწონვის შედეგების გადამოწმების მექანიზმიც“ -აღნიშნა ქეთევან ქავთარაძემ. იურისტის განმარტებით, მოქალაქეები სამართალდარღვევათა ოქმს უმეტეს შემთხვევაში არ ასაჩივრებენ,რადგან აწონვის შედეგების გადამოწმების მექანიზმის არარსებობა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს საქმეზე სათანადო მტკიცებულებების წარდგენის კუთხით. საადვოკატო ბიურო „OK & CG“-მ მეწარმე სუბიექტისთვის უსაფუძვლო დაჯარიმებისგან თავიდან არიდების მიზნით, წინადადებით ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიმართა. ბიზნესომბუდსმენმა კი რეკომედაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შეხვედრას უახლოეს მომავალში დაგეგმავენ. აღნიშნულ შეხვედრას OK & CG-ის ადვოკატებიც დაესწრებიან.