887
2017.09.18
გაფრთხილება მათ, ვინც ევროპაში ნაყიდი ავტომობილით ბრუნდება საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს იმ პირებს, რომლებიც ევროპაში ნაყიდი ავტომობილი საქართველოში საბერძნეთისა და თურქეთის გავლით მოემგზავრებიან. უწყების ცნობით, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, გახშირდა ასეთი პირების საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე დაჯარიმების ფაქტები.
"გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.
ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება, რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე, საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.
საექსპორტო დეკლარაციის მიღება შესაძლებელია ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, ადგილზე საექსპორტო დეკლარაციის გაფორმება არ ხდება.
წყარო: on.ge