არ გახდეთ კრედიტორის მსხვერპლი1212 2017.10.06
არ გახდეთ კრედიტორის მსხვერპლი
დღესდღეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და პრობლემური სესხების ამომღები სხვადასხვა ორგანიზაციები მოვალისაგან დავალიანების ამოღების მიზნით, ხშირად მიმართავენ მუქარას და მოვალეს აფრთხილებენ, რომ კრედიტორი გამოცხადდება მათ მისამართზე და მოახდენს ფართში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღებას. ამასთან, კრედიტორები მოვალის შეშინების მიზნით იყენებენ ტერმინს ,,ჩვენი აღსრულების სამსახური“, რითაც შეცდომაში შეყავთ მომხმარებელი. იცოდეთ, რომ კრედიტორს, სასამართლოს ან/და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი აქტის გარეშე არ აქვს მოვალის საცხოვრებელ ფართში უკანონოდ შესვლის, მით უფრო იქ არსებულ ნივთებზე ყადაღის დადების უფლება. ყადაღის დადება შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელს და არა კრედიტორს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მისამართზე გამოცხადდება კრედიტორთან მომუშავე მესამე პირი, რომელიც განგიცხადებთ, რომ არის ამოღების სამსახურის თანამშრომელი და მოგთხოვთ ქონების წარმოდგენას მისი დაყადაღების მიზნით, თქვენი უფლებების დაცვის მიზნით დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვეთ კრედიტორის უკანონო მოქმედების აღკვეთა. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით კრედიტორის მოთხოვნას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაბამისი განცხადების შეტანის გზით განაცხადეთ პროტესტი და დაიცავით თქვენი ქონება უკანონო რეალიზაციისაგან. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ 2 47 87 87