1230
2017.10.25
შეამცირეთ სესხზე დარიცხული პროცენტის ოდენობა
მოქალაქეები ხშირად იღებენ დიდი ოდენობით სესხს, რომლის გადახდის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით ტვირთავენ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
ხშირად, კრედიტორის მიერ განსაზღვრული მაღალი საპროცენტო განაკვეთი კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს და ურთულებს მას ვალდებულების შესრულებას.
მოქმედი კანონმდებლობა უშვებს პროცენტიდან პროცენტის მოთხოვნის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ართულებს მოვალის მდგომარეობას. ამას შედეგად კი შეიძლება მოჰყვეს მოქალაქის კუთვნილი ფართის რეალიზაცია
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულებაში აუცილებელია მითითებული იყოს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
საპროცესო განაკვეთის დაანგარიშების სპეციალურ წესის თანახმად:
იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეთანხმებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს.
თუმცა, ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როდესაც სესხს გასცემს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ან როდესაც სესხის ოდენობა 1000 ლარზე ნაკლებია.
პრობლემას წარმოადგენს, მომხმარებლების არაინფორმირებულობა, რადგან ისინი სესხის აღებამდე არ იძიებენ შესაბამის ინფორმაციას, რაც გამსესხებელს უმეტესად უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კრედიტორს შეუძლია ისარგებლოს პოტენციური მოვალის რთული მატერიალური მდგომარეობით და შესთავაზოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ოდენობა.
გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ დათანხმდებით ხელშეკრულების პირობას პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში შეთანხმებული ოდენობით სარგებლის გადახდა სავალდებულოა.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ კაბალური და კანონდარღვევით დაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი ექვემდებარება სასამართლოს მიერ შემცირებას ან/და გაუქმებას.