როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს დაბადების ან ქორწინების მოწმობაში მონაცემი არასწორია2898 2017.10.30
როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს დაბადების ან ქორწინების მოწმობაში მონაცემი არასწორია
ხშირ შემთხვევაში დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემი არ შეესაბამება ქორწინებაში ან ქონების კუთვნილების შესახებ არსებულ დოკუმენტში მითითებულ მონაცემს, რის გამოც ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ირღვევა პირის უფლება, რადგან სათანადო პროცედურების განხორციელების გარეშე ის კარგავს გარკვეულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. ასეთ დროს პირველ რიგში, თქვენ უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თუ დოკუმენტში დაშვებული შეცდომის სირთულე შესაძლებლობას იძლევა, რომ უსწორობა გამოსწორდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სათანადო ცვლილებები განახორციელოს მათში. თუ ეს ორგანო ვერ მოახერხებს პირის იდენტიფიცირებას საჭირო ხდება სასამართლოსთვის მიმართვა. სასამართლოში შეიტანება განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. საქმე განიხილება უდავო წარმოების წესით. განცხადებას თან უნდა დაერთოს ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს, რომ დოკუმენტში მითითებული პირის მონაცემი არასწორადაა მითითებული. ხშირად მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ სათანადო მტკიცებულებების მოძიებასთან მიმართებით. დაიმახსოვრეთ, რომ სხვა მტკიცებულებების გარდა, პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია მოხდეს ასევე მოწმეთა ჩვენებების მეშვეობით.